უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის გარნიზონმა დაასრულა
საბრძოლო მისია და ქვედანაყოფების მეთაურებს დაევალათ პერსონალის
სიცოცხლის გადარჩენა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა
მალარის თქმით, უმაღლესმა სარდლობამ შესაბამისი ბრძანება უკვე
გასცა.
"მარიუპოლის გარნიზონმა
დაასრულა საბრძოლო მისია. უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ უბრძანა
აზოვსტალში განლაგებული ქვედანაყოფების მეთაურებს, გადაერჩინათ
პერსონალის სიცოცხლე. მიმდინარეობს ოპერაცია ტერიტორიაზე ბლოკირებული
უკრაინის დამცველების გადასარჩენად", - განაცხადა ანა
მალარიმ.
მისივე თქმით, თავდაცვის
სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, უკრაინის
შეიარაღებულმა ძალებმა, ეროვნულმა გვარდიამ და სასაზღვრო დაცვის
სამსახურმა ერთობლივად დაიწყეს ოპერაცია ბლოკირებული მარიუპოლის
დამცველების გადასარჩენად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინას გმირები
ცოცხალი სჭირდება.
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები
აზოვსტალის მებრძოლების წინააღმდეგ ყველა ტიპის იარაღს იყენებენ, მათ
შორის, აკრძალულ ფოსფორის ბომბებს.
ალყაში მოქცეული "აზოვსტალის"
ქარხნიდან სრულად არის გაყვანილი ყველა სამოქალაქო პირი, რომელიც
შენობაში თავს აფარებდა, ქარხნიდან დაწყებულია ჯარისკაცების
ევაკუაციაც. "აზოვსტალის" მცველების მესამე ქვეყანაში გადაყვანა
უკრაინულ და რუსულ მხარეებს შესთავაზა თურქეთმა.
უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები