ამერიკის საელჩო საქართველოში,
ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა
გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლოს
დღევანდელი, 16 მაისის გადაწყვეტილება, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს
ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.
"დღევანდელი სასამართლო
გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე, ეჭვქვეშ
აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი და უფრო
მეტად წარმოაჩენს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი
სასამართლო სისტემის არსებობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას", -
ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო მიუთითებს, რომ ამ საქმემ
თავიდანვე წარმოშვა კითხვები გარემოებასა და ბრალდებებთან
დაკავშირებით. უწყებამ "შემაშფოთებელი პრაქტიკა" უწოდა
სამართალდამცავი სტრუქტურების დამოკიდებულებას მთავრობის ოპოზიციაში
მყოფი პირების მიმართ.
"შერჩევითი გამოძიებისა და
სისხლის სამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული
ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის
საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით
მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა
აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის
მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო
დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მედიის თავისუფლების დაცვაზეა
დამოკიდებული", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
აშშ-ს საელჩო მოუწოდებს მთავრობას
არსებითი რეფორმების განხორციელებისკენ ფუნდამენტური დემოკრატიული
პრინციპების დასაცავად.
ტელეკომპანია "მთავარის"
დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააკავეს. მას
ხელბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს. ნიკა გვარამიას სასამართლომ
3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები