რუსეთ- უკრაინის ომში, ოფიციალური
სტატისტიკის ანალიზი რუს დამპყრობელთა შორის დანაკარგების
თანაფარდობის შესახებ, ანალიტიკოსებს საშუალებას აძლევს დაასკვნან,
რომ რუსული სამხედრო სარდლობა ცდილობს არ გაგზავნოს მოსკოვისა და
პეტერბურგის მცხოვრებლები ფრონტის წინა ხაზზე.
ინფორმაციას უკრაინის შინაგან
საქმეთა მინისტრის მრჩევლის ვადიმ დენისენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით
გამოცემა УНИАН ავრცელებს .
"სტატისტიკა ძალიან
საინტერესოა. რუსული სტატისტიკის მიერ მოწოდებული ოფიციალური
დანაკარგების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ბურიატია (რუსეთის
ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკა), 100 000 მოსახლეზე 99 ადამიანია.
შემდეგ მოდის დაღესტანი და რიგი სხვა რეგიონები", - ამბობს
დენისენკო ერთ-ერთ ინტერვიუში.
შს მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა,
რომ ყველაზე საინტერესო ის კი არ არის თუ სად არის ყველაზე მეტი
დანაკარგი, არამედ, სად არის ყველაზე ნაკლები.
"ყველაზე მცირე დანაკარგი
არის იამალო-ნენეცის რაიონში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი,
რადგან ძალიან მცირე მოსახლეობაა. მეორე და მესამე ადგილზე, ყველაზე
მცირე ზარალით, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგია. ოფიციალურად აღიარებული
გარდაცვალების რაოდენობა მოსკოვში 420-ჯერ ნაკლებია, ვიდრე
ბურიატიაში, ანუ რუსეთის დედაქალაქში ზარალი ფაქტობრივად 2-3
ადამიანია 15 მილიონ მოსახლეზე. სანკტ-პეტერბურგში კოეფიციენტი
დაახლოებით იგივეა", - განაცხადა დენისენკომ.
რუსეთის არმიის შემადგენლობაში 10
ათასი ბურიატი ომობს. სხვა წყაროების ცნობით, ბურიატების რაოდენობა
5-6 ათასია.
"რადიო თავისუფლების" ქართული წარმომადგენლობის ცნობით,
ბურიატიაში არ დარჩა ისეთი სოფელი, საიდანაც ფრონტზე ერთი ან ორი
ათეული "კონტრაქტნიკი" მაინც არ გაიწვიეს. განსაკუთრებით მძიმე
ვითარებაა ტრანსბაიკალის ტერიტორიის აგინსკის ბურიატიის
ოლქში.
ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას"
ისტორიკოსმა რაჯანა დუგაროვამ ესაუბრა.
"ომში დაღუპულთა
რაოდენობით, დაღესტანი უსწრებს ბურიატიას, მაგრამ დაღესტნის
მოსახლეობა 3-ჯერ დიდია. უკრაინის ომში ბურიატი სამხედროების დაღუპვის
მხოლოდ დადასტურებულმა შემთხვევებმა 70%-ით გაზარდა 18-45 წლის
ბურიატი მამაკაცების სიკვდილიანობა, ხოლო 30 წლამდე ახალგაზრდებისა -
270%-ით. ბურიატების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 462
ათასია. რა დაემართება ამ ხალხს, თუ ისინი ერთდროულად დაკარგავენ
რეპროდუქციული ასაკის ამდენ ჯანმრთელ მამაკაცს?", - კითხვას
სვამს ისტორიკოსი. მაინც რატომ არის ამდენი ბურიატი ჯარისკაცი
რუსეთის არმიის შემადგენლობაში?
რაჯანა დუგაროვას თქმით, რუსეთის
ხელისუფლების სინდისზეა არა მხოლოდ კრიმინალური აგრესია უკრაინელი
ხალხის წინააღმდეგ, არამედ ათასობით საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილიც.
განსაკუთრებით ეთნიკურად არარუსებისა, რომლებზეც, ისტორიკოსის თქმით,
კრემლი აშკარად ნაკლებად წუხს, რადგან "ესაა საზარბაზნე
ხორცი, რომელიც შეგიძლია ფრონტის წინა ხაზზე
დაყარო".
თუ რატომ ცდილობენ რუსი სამხედრო
მეთაურები მოსკოვისა და პეტერბურგის მცხოვრებლები არ გაგზავნონ
უკრაინის ფრონტის ხაზზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველს
ვადიმ დენისენკოს თავისი ვერსია აქვს.
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა
დედაქალაქის წვევამდელებს რუსეთის სხვა რეგიონებში "გაგზავნის".
ვთქვათ, მოსკოველს რიაზანის ოლქის სამხედრო ნაწილს "მიაწერს". ამით
აირიდებს იმას, რომ "თუ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან წვევამდელები
დაიღუპებიან ან დაიკარგებიან უკრაინის ტერიტორიაზე, ოფიციალური
დაკრძალვები და სამგლოვიარო ისტორიები პირდაპირ მოსკოვში არ იყოს",-
მიაჩნია დენისენკოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი
მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას ნათლად ესმით, რომ
ყველა რევოლუცია, რაც ისტორიაში იყო, დედაქალაქებში
დაიწყო.
"ისინი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და
უსაფრთხოების განცდას მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, რათა არავითარ
შემთხვევაში არ დაიწყოს დაუმორჩილებლობის გამოვლინებები, რადგან
სწორედ ამ ქალაქებიდან შეიძლება დაიწყოს გარკვეული რევოლუციური
მოძრაობები რუსეთში", - განაცხადა დენისენკომ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით,
უკრაინაში 27 700 რუსი სამხედრო დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები