გელათის სამონასტრო კომპლექსის
ძირითად ტაძარში, ტენიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, დროებითი
გადახურვა მოეწყობა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის
სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ღვთისმშობლის
შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის
აღმოსაფხვრელად, ახალი, დროებითი გადახურვის მოწყობა იგეგმება. ყველა
აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის
დასაწყისში.
სამინისტროს რწმუნებით, გადახურვის
პროექტი UNESCO - ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების რეკომენდაციების
შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით
განხორციელდება.
სამინისტროს ცნობით, უკვე
შეთანხმებულია ლითონის დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ
უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყება
მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას
თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ
ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.
გელათის მონასტერში გადახურვის
სამუშაოები 2020 წელს დასრულდა, თუმცა, მალევე მოჭიქული კრამიტი
დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი
იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე
აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც,
თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ
კომპანიას დააბრალა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბოლო
განცხადებაში კი მონასტერში გაჩენილ პრობლემას სხვა ბრალდებულიც
გამოუჩნდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის
პროექტი შემუშავდა 2008 წელს. სამინისტროს რწმუნებით, როგორც პროექტი,
ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა
და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის
მოხერხდა.
გელათის სამონასტრო კომპლექსში
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად
განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ
ლარზე მეტით დააფინანსა.
მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის
ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის
ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და
საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი
ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მასალის გამოყენების პირობები