უკრაინა რუსეთს, აზოვსტალის
ქარხანაში მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რუს სამხედრო
ტყვეებზე გაცვლას სთავაზობს.
ამის შესახებ უკრაინის
ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე წერს.
ვერშჩუკის ინფორმაციით, ამ
დროისთვის აზოვსტალის სამხედრო გზით განთავისუფლება შეუძლებელია,
მისივე ინფორმაციით, მარიუპოლში რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ
აზოვსტალის ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცია, რომელთაგან
ბევრი დაშავებულია.
"პირველ ნაბიჯად რუსებს
შევთავაზეთ მძიმედ დაჭრილი ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული
დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ მათ რუს სამხედრო
ტყვეებს ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესებით", - განაცხადა
ვერეშჩუკმა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებები
ოკუპანტ ქვეყანასთან უკვე მიმდინარეობს.
CNN-ის ინფორმაციით, აზოვსტალის
ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ უკვე
დატოვა.
აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი
მოქალაქეების ევაკუაცია 1 მაისს გაეროსა და წითელი ჯვრის მონაწილეობით
დაიწყო.
უკრაინაში 78 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები