,,რუსეთი არ წყვეტს მცდელობას აიღოს
აზოვსტალი'', - ამბობს "აზოვის" ბატალიონის მეთაური.
ამის შესახებ ინფორმაცია "აზოვმა"
ტელეგრამ არხზე გაავრცელა. ბატალიონის წევრების თქმით, გასულ 24
საათში 38 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.
"გასული 24 საათის
განმავლობაში "აზოვსტალზე", სადაც მარიუპოლის მცველები არიან, 38
საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 4 სტრატეგიული დაბომბვა.
მოწინააღმდეგე არ წყვეტს მცდელობას აიღოს "აზოვსტალი" და აგრძელებს
ყოველდღიურ თავდასხმებს", - წერს ტელეგრამ არხზე
"აზოვი".
აზოვის ბატალიონის დაზვერვის
განყოფილების ოფიცრის, ილია სამოილენკოს განცხადებით, არსებობს როგორც
სამხედრო, ისე პოლიტიკური გზა რუსული ჯარის გარღვევისა და აზოვსტალის
ქარხნის განბლოკვისთვის.
19 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა და
მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც
მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს.
ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და
სატანკო ცეცხლს.
მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე
კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა
დაიკავეს. "აზოვსტალის" ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული
გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.
მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს
დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და
სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე
აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია
ინფრასტრუქტურა.
უკრაინაში 77 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები