ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა
სამი მიმართულებით საზღვარზე სპეცრაზმელები განალაგა, მათ შორისაა
უკრაინის საზღვარი.
ამის შესახებ ბელორუსის
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვიქტორ გულევიჩმა
განაცხადა.
მისი განმარტებით, შენაერთების
საზღვრებთან განლაგება ჯარის მზადყოფნის შემოწმების მეორე ეტაპის
ფარგლებში ხდება.
გულევიჩი საზღვრების გამაგრებას
აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბელორუსის გარშემო სამხედრო
აქტიურობით ხსნის.
"აქედან გამომდინარე,
ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შეიმუშავეს ზომების კომპლექსი,
რომლებიც მიმართულია შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ.
სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში,
დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ოპერატიულ მიმართულებებზე განლაგდა
ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. მათი გაძლიერებისთვის განლაგდება
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, სარაკეტო ჯარისა და არტილერიის
დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საბრძოლო ფუნქციონირებას.
სამხრეთის ოპერატიული მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების
მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც 20 000-მდე კაცს მოიცავს, ასევე
მოითხოვს ჩვენგან რეაქციას. სპეციალური ოპერაციის ძალები, რომლებიც
განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით, უზრუნველყოფენ ბელარუსის
უსაფრთხოებას. ამას გარდა, დღევანდელი დღიდან, ჩემი ხელმძღვანელობით
ტარდება ტერიტორიული თავდაცვის ორი უბნის შემოწმება, ტერიტორიული
ძალების განლაგებული ქვედანაყოფები მნიშვნელოვანი ობიექტების
დასაცავად დავალებებს შეასრულებენ", - განაცხადა
გულევიჩმა.
ბელორუსში შეიარაღებული ძალების
მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 4 მაისს დაიწყო. ბელორუსის თავდაცვის
სამინისტროს მტკიცებით, ეს სწავლება "არ ატარებს არანაირ საფრთხეს არც
ევროპული საზოგადოებისთვის და არც მეზობელი
ქვეყნებისთვის".
მასალის გამოყენების პირობები