საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის
მეორე ნაწილი გადასცა.
"სიამოვნებით წარმოგიდგენთ
კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და
სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი
სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას", - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
ევროკავშირში გაწევრიანების
განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი
ევროკომისიისგან კითხვარი მიიღო. კითხვარის პირველი ნაწილი 369
კითხვისგან შედგებოდა და ის ევროკომისიას 2 მაისს გაეგზავნა.
დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს
საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კითხვარის მეორე,
ტექნიკური ნაწილი 2 300 შეკითხვას მოიცავდა.
შევსებული კითხვარის მიღების
შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის
მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო
შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს
მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები