ქუთაისის "ტორპედოში" მთავარი
მწვრთნელის პოსტზე, სავარაუდოდ, ისევ კახა ჩხეტიანი
დაინიშნება.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ჩხეტიანსა და კლუბის ხელმძღვანელობას
შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. მწვრთნელის გარეშე დარჩენილ
გუნდში, ჩხეტიანი ამ პოზიციაზე პირველ პრეტენდენტად განიხილება.
კლუბი ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ
ადასტურებს.
კახა ჩხეტიანი კლუბიდან გასული წლის
პირველ ნოემბერს გაუშვეს. ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების
გაწყვეტის მიზეზად გუნდის დაბალი შედეგები დაასახელა. მთავარი
მწვრთნელის გუნდისთვის ჩამოშორებას გულშემატკივართა მწვავე შეფასებები
მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჩხეტიანი გახარიას პარტიის
წევრობისთვის დასაჯეს. როგორც ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს"
მწვრთნელობის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის"
სახელით, საკრებულოში შესვლისთვის იბრძოდა.
კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017
წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა,
შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
რაც შეეხება გუნდის უკვე ყოფილ
მწვრთნელს გია ცეცაძეს, მან კლუბი ერთი კვირის წინ დატოვა. ცეცაძის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა
მატჩის დროს მასსა და გულშემატკივრებს შორის მომხდარი სიტყვიერი
დაპირისპირება. გარდა ამისა, მისი მუშაობით უკმაყოფილებას გამოთქვამდა
ფანკლუბი და პროტესტის ნიშნად მატჩებზე დასწრებაზე უარს
აცხადებდა.
მასალის გამოყენების პირობები