ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა
მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბი დატოვა.
"ტორპედოს" ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ
ცეცაძის განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ, დაკმაყოფილდა.
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის
"ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის
მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას
უსურვებს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია კლუბის მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
გია ცეცაძემ კლუბიდან წასვლის
შესახებ განცხადება ერთი თვის წინ, მას შემდეგ დაწერა, რაც ერთ-ერთ მატჩზე ცეცაძესა და
გულშემატკივარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ,
კლუბის მეპატრონემ დავით კერესელიძემ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ მომხდარის
მიუხედავად, ცეცაძის განცხადებას ხელს არ აწერდა და მოვლენებზე
დასაკვირვებლად დროს იტოვებდა. როგორც ჩანს, 29 აპრილს "დინამოსა" და
"ტორპედოს" მატჩის დროს მომხდარი მორიგი ინციდენტი, რომელიც
ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა,
კერესელიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა და მან ცეცაძის კლუბიდან
გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ამას დაემატა ისიც, რომ გია ცეცაძის
მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლას გულშემატკივრებიც ითხოვდნენ.
ფანკლუბის წევრები ცეცაძის მწვრთნელობის პირობებში მატჩებზე
დასწრებაზე უარს ამბობდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ ცეცაძე პოსტს არ
დატოვებდა, გუნდის საგულშემატკივროდ აღარ მივიდოდნენ.
ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის
"დინამოს" შორის დაპირისპირება 29 აპრილს, ქუთაისში მოხდა. კონფლიქტი
ჯერ სიტყვიერი დაპირისპირებით მოედანზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარის გამო ქუთაისის "ტორპედო"
სოლიდური თანხითა და რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. გარდა ამისა, კლუბს 0:3 წაგება ჩაეთვალა
მეტოქე გუნდ "დინამოსთან". სფფ-ის სადისციპლინო და დავების
განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, გუნდი 5 მატჩს მაყურებლის
გარეშე ჩაატარებს, კლუბი ჯარიმის სახით გადაიხდის 6 900 ლარს, მატჩებს
გამოტოვებენ და ფულად ჯარიმას გადაიხდიან როგორც ფეხბურთელები, ასევე
მწვრთნელები. ჯამში, ქუთაისის "ტორპედოს" მოედანზე მომხდარი ჩხუბი 10
400 ლარად დაუჯდა.
კომიტეტის 9 პუნქტიანი გადაწყვეტილება ნახეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები