ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსის მისაღებად სავალდებულო კითხვარის ნაწილს, საქართველო
ევროკომისიას 2 მაისს გაუგზავნის.
კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც
369 შეკითხვისგან შედგება, პასუხები უკვე მომზადებულია. რაც შეეხება
მეორე ნაწილს, მთავრობას მის მოსამზადებლად დრო 13 მაისამდე
აქვს.
"კითხვარის პირველი ნაწილი
მომზადდა და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს
მას. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის უფრო სექტორული ნაწილი,
რომელიც ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის
დაახლოებით 3200 კითხვა. მასზე დაწყებულია მუშაობა და წარდგენის ვადა
არის 13 მაისი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი
აღნიშნული კითხვარის მალე გავუზიაროთ ჩვენს ევროპულ
პარტნიორებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია
დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, კითხვარის მეორე
ნაწილის შეკითხვები, პირველი ნაწილის მსგავსად, საზოგადოებისთვის
საჯარო გახდება.
საქართველომ ევროკავშირისგან
კითხვარი 11 აპრილს მიიღო. დოკუმენტის პირველი ნაწილი 369, მეორე კი
2300-მდე შეკითხვისგან შედგება.
საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ხელი 3 აპრილს მოაწერა. მთავრობამ დაჩქარებული წესით
განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, მას შემდეგ მიიღო, რაც
28 თებერვალს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ ევროკავშირის
წევრობა დაჩქარებული წესით მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები