საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ისეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ჰესები, როგორებიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი, მხოლოდ
სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. პრემიერმა ამის
შესახებ ქუთაისში ვიზიტის დროს ისაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამავდროულად ამბობს, რომ მთავრობა
მოლაპარაკებებს აწარმოებს ნამახვანჰესის ყოფილ ინვესტორთან, თუმცა, რა
მიმართულებით, არ აკონკრეტებს.
"მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი
პოზიცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა.
ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის
შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას -
ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი,
დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები
აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის
მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით.
ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. მე
განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც
მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის
და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების", -
განაცხადა პრემიერმა.
რიონის ხეობაში 433მგვტ. სიმძლავრის
ჰესის მშენებლობის პროექტი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ადგილობრივები
წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხეობაში საპროტესტო აქციებს
მართავდნენ. ხელისუფლების მიერ პროტესტის ჩახშობის არაერთი უშედეგო
მცდელობის შემდეგ, პრემიერმა თქვა, რომ ჰესის მშენებელ კომპანიასა და
სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით
შეკითხვები ჰქონდა და რომ ნამახვანჰესის პრობლემა მას მემკვიდრეობით
ერგო. ამის შემდეგ, კომპანია "ენკამ" მთავრობასთან გაფორმებული
ხელშეკრულება გაწყვიტა და ხეობიდან გავიდა.
მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" 7 მაისს შემაჯამებელ აქციას გეგმავს, სადაც
აქტივისტები საზოგადოებას ბრძოლის ახალ სტრატეგიას
გააცნობენ.
მასალის გამოყენების პირობები