კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ იძულებულია, მიმდინარე წლის 29
აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში
წარმოების პროცესი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში
მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა.
კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ
ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც
კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან
ანგარიშსწორების შესაძლებლობა.
კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა
ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან
დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების
პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და
მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია
განცხადებაში.
ბორჯომის“ ოფიციალურ მწარმოებელს საქართველოში კომპანია IDS Borjomi
Georgia წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, IDS Borjomi
International- ის ნაწილია. IDS Borjomi International აერთიანებს
მინერალური წყლის მწარმოებელ კომპანიებს საქართველოში, უკრაინასა და
რუსეთში.
IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობს,
რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია.
მასალის გამოყენების პირობები