საქართველოს რკინიგზის სამგზავრო
მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება.
"საქართველოს რკინიგზის"
ინფორმაციით, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი
რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა
ქალაქიდან მიიღებს.
,,ქუთაისის აეროპორტი
სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით უზრუნველყოფს მგზავრების
აეროპორტში გადაყვანას. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში
მისასვლელად მგზავრებს, დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის
ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას
მოიცავს'',- აცხადებენ რკინიგზაში.
კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების
გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება
საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებ-გვერდის, სწრაფი
გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების
ვებ-გვერდების მეშვეობით.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან
სარკინიგზო ხაზის მოწყობა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა
2017 წელს დააანონსა, თუმცა, პროექტი არ განხორციელდა.
მორიგი დაპირება ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ
ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წელს გასცა.
მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ პროექტი, რომლითაც აეროპორტი საქართველოს
რკინიგზას დაუკავშირდებოდა, დამტკიცებული იყო, თუმცა, არც ეს დაპირება
შესრულდა.
მასალის გამოყენების პირობები