ახალი ამბები
მარიუპოლში დაგეგმილმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა
FaceBook
20 აპრილს მარიუპოლში ევაკუაციისთვის დაგეგმილმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა გამართულად ვერ იმუშავა.
ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"დღეს მარიუპოლიდან ჰუმანიტარულმა დერეფანმა გეგმის მიხედვით ვერ იმუშავა"
– დაწერა საკუთარ Telegram-არხზე ირინა ვერეშჩუკმა.

ვერეშჩუკის განმარტებით, ჰუმანიტარული დერეფნის გეგმა ვერ შესრულდა, რადგან

"ოკუპანტებმა ვერ შეძლეს ხალხის დროული ტრანსპორტირება იქამდე, სადაც უკრაინელების ავტობუსები და სასწრაფო დახმარების მანქანები ელოდათ''.

ვიცე-პრემიერის თქმით, ევაკუაციის მცდელობები 21 აპრილსაც გაგრძელდება.

"დღეს ვაგრძელებთ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციას",  - ამბობს ვერეშჩუკი. 

20 აპრილს მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში ევაკუაცია ათეულობით ადამიანმა შეძლო, თუმცა ქალაქის მერი იმედოვნებდა, რომ ალყიდან 6000-მდე მშვიდობიან მოქალაქეს გაიყვანდნენ.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგიი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე"-, განაცხადა ვიდეო მიმართვაში სერგიი ვოლინა.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა, ქალაქში თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვარი ოკუპანტებმა ქალაქის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა მარიუპოლის მცველებს 17 აპრილს ულტიმატუმი წაუყენა და დანებება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქის მცველების განადგურებით დაიმუქრა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გუშინ განაცხადა, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაქში კვლავ რჩებიან უკრაინის სამხედრო ძალები.

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.