თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ სოციალური
დახმარებების საკუთარი თავისთვის გამოწერის, უხარისხოდ შესრულებული
ინფრასტრუქტურული სამუშაოების, ახლადშეძენილი ავტობუსების
შეკეთებისთვის გაფლანგული თანხისა და სხვა დარღვევების გამო,
საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე 332-ე მუხლით აღძრა.
კოდექსის ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად
გამოყენებას გულისხმობს, თუმცა, როგორც პროკურატურის მიერ საკრებულოს
დეპუტატ გიგა შუშანიასთვის მიწერილი ინფორმაციით ირკვევა, გამოძიება
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ დაიწყო და არა მაღალი
თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც აუდიტის ანგარიშში მთავარ
კანონდამრღვევებად ფიგურირებენ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მუხლის
გადაკვალიფიცირებას და გამოძიების მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებას
ითხოვს.
"ქუთაისის მერი დღეს
ცდილობს სხვებს გადააბრალოს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა,
რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, რადგან სწორედ მის არჩევნებს
შეეწირა ახალი უხარისხო ავტობუსების შემოყვანა, სწორედ 2020 წლის
ბოლოს, მისი მერობის დროს იქნა ხელი მოწერილი იმ ინფრასტრუქტურული
პროექტების ჩაბარებაზე, რომლებიც თავიდან არის გასაკეთებელი და
მილიონობით ლარია გაფლანგული. ამიტომ, მე ვითხოვ გადაკვალიფიცირდეს
მუხლი და დაისვას მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური
პასუხისმგებლობის საკითხი და არა რიგით თანამშრომლებზე გადატყდეს
ჯოხი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის
მერიაში 2019-2020 წლების პერიოდის მონიტორინგის შედეგები რვა აპრილს
გამოაქვეყნა. დასკვნის ყველაზე სკანდალური პუნქტი მერიისა და
საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სოციალური დახმარების
მიღებას ეხება. როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთი
მაღალჩინოსანი, სოლიდური ანაზღაურების პარალელურად, ფულად შემწეობას
იღებდა.
დასკვნაში საუბარია არაერთ
დარღვევაზე. მაგალითად, აუდიტმა აღმოაჩინა, რომ ქუთაისის მერიამ
45-ჯერ ავტომანქანის ავზში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე
ფიზიკურად შეიძლებოდა, ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს - დარჩენილი
საწვავის თანხა ან ტალონი მიითვისეს.
უხარისხოდ შეასრულეს 2 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები; არ
გააკონტროლეს 22 700 000 ლარის ღირებულების, სესხით ნაყიდი
ავტობუსების ხარისხი, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები 594- ჯერ
გაფუჭდა; კონკრეტული პირის ინტერესებს მოარგეს და საბაზრო
ღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდეს ქალაქის ბალანსზე არსებული მიწები;
მერიამ სრულად ვერ მიიღო ქონების იჯარიდან დაგეგმილი შემოსავალი; 129
000 ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის
მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მერის მოადგილე კი სატენდერო
კომისიის თავმჯდომარე იყო; მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მითითებულ
წლებში ემსახურებოდა 125 ავტომობილით მეტი, ვიდრე რეკომენდებულია;
113ჯერ ისარგებლა მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურებით ხარჯების
გაწევის საჭიროების დასაბუთების გარეშე.
მასალის გამოყენების პირობები