გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ხელმძღვანელის, დევიდ
ბიზლის განცხადებით, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები
შიმშილით იხოცებიან.
მისივე პროგნოზით, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი შესაძლოა უახლოეს
კვირებში გაუარესდეს.
„ომი უკრაინაში ადამიანებს ანადგურებს", - განაცხადა
დევიდ ბიზლიმ და მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ სააგენტოსა და
სხვა დამხმარე ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობდნენ საკვების მიწოდებას
ადგილებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ამ ტერიტორიებზე წვდომა
შეზღუდული აქვთ.
„ამ კუთხით მდგომარეობის შემსუბუქებას ვერ ვხედავ,”-
აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.
მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა საპორტო ქალაქ მარიუპოლთან
დაკავშირებით, სადაც 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა და
საკვები, წყალი და გათბობა სჭირდება.
რუსული ძალები, რომლებიც ქალაქში შესვლას აკონტროლებენ, იქ
ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ.
„დამანგრეველი სიტუაციაა: ხალხი შიმშილით კვდება,”- აღნიშნა დევიდ
ბიზლიმ.
მარიუპოლი პირველი მარტიდან მტრების ალყაშია.
უკრაინაში 51 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების
ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა
დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა
გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები