საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში
გამართულ კონსულტაციაზე ერთი დელეგაციის შეჯერება ვერ მოხერხდა,
შესაბამისად გადაწყდა, რომ საქართველოდან უკრაინაში ორი დელეგაცია
გაემგზავრება.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში
გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე.
ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაჰყვება პაპუაშვილს უკრაინაში,
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის
დელეგაციაში არ იქნებიან.
ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე
საპარლამენტო დელეგაცია ჩამოყალიბდება, რომელიც პარლამენტში
წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული. მათივე
თქმით, სურვილის შემთხვევაში აღნიშნული დელეგაცია ღია იქნება "ქართული
ოცნების" წარმომადგენლებისთვის.
ოპოზიციურმა პარტია ,,ლელომ'' ორივე დელეგაციასთან გამგზავრების
სურვილი გამოთქვა.
უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირის
პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში
მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან
თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ
მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას
ვერ შეძლებდა.
3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს
ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები
დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410
ცხედარი იპოვეს.
უკრაინაში 50 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების
ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა
დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა
გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები