ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში
რუსული ჯარის მოქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.
ამ დრომდე ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები ამ შეფასებას რუსეთთან
მიმართებაში არ იყენებდნენ.
"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ტანკის
შევსების უნარი, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე,
გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს
ნახევარი მსოფლიოსთვის", - განაცხადა აშშ-ს
პრეზიდენტმა.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის მოქმედებების გენოციდად შეფასების
გამო, ამერიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ბაიდენს ნამდვილი ლიდერი უწოდა.
"ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები. მნიშვნელოვანია ყვავს დავარქვათ
ყვავი. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე გაგვიწია
შეერთებულმა შტატებმა და სასწრაფოდ გვჭირდება მეტი იარაღი, რათა
თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან შემდგომი სისასტიკე", -
დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
უკრაინაში 49 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის
ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს,
დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში. 3
აპრილს, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ
ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული
და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ.
უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის
სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო
ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე
კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები