ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავსა და თბილისში "ქურდულ
სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ისინი ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“
წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით,
,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა „ქურდული“ გარჩევა რამდენჯერმე
მოაწყვეს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ -
ი. ხ.-ც მონაწილეობდა.
ბრალდებულები ერთმანეთს სისტემატურად უკავშირდებოდნენ და მხარეებს
შორის არსებულ ფინანსურ დავას აქტიურად განიხილავდნენ.
პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კომპიუტერული
ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს,
რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ
ქურდებს“ უკავშირდებოდნენ,“ - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, "კანონიერი ქურდობის", „ქურდული
სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 223-ე მე-3
პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი
ნაწილით, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები