"ნაციონალური მოძრაობა", სახელმწიფო
აუდიტის მიერ, ქუთაისის მერიაში 2019-2020 წლებში ჩატარებული
მონიტორინგის შედეგებზე გამოძიების დაწყებას
ითხოვს.
პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა და საკრებულოს ფრაქცია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ, შესაბამისის
განცხადებით პროკურატურას უკვე მიმართა. მისი თქმით, აუდიტის დასკვნა
დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის
საკითხი უნდა დადგეს.
"მაშინ, როცა "ქართული
ოცნება" პრეზიდენტ სააკაშვილს ასამართლებს პიჯაკების, გვირგვინების
შეძენისა და პრეზიდენტ იუშენკოს მასპინძლობისთვის, ამ დროს ქუთაისის
მერია 2019-2020 წლებში მილიონობით ლარის გაფლანგვით იყო დაკავებული.
საკუთარ თავებს სოციალურად დაუცველის სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ,
22 მილიონიანი ახალი ავტობუსები კი შეძენიდან 9 თვეში 594- ჯერ
გაფუჭდა.
დასკვნაში ასევე წერია, რომ მილიონობით ლარია გაფლანგული გზებზე,
უხარისხოდ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე. აქ იკვეთება როგორც დიდი
ოდენობით თანხების გაფლანგვა, ასევე გულგრილობა და თანამდებობის
ბოროტად გამოყენება. არ არსებობს დანაშაული, რომელიც ამ აუდიტის
დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს
გამოძიება და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის
საკითხი", - განაცხადა შუშანიამ.
სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის
მერიაში ჩატარებული აუდიტის შედეგები 8 აპრილს გამოაქვეყნა.
დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მერიისა და საკრებულოს
თანამშრომლები სოციალურ დახმარებას იღებდნენ, რამაც ჯამში 358 200
ლარი შეადგინა. აუდიტმა ხარვეზები აღმოაჩინა სოციალური პროგრამების
მართვაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაში, ქონების
გასხვისებაში, შესყიდვების პოლიტიკასა და სხვა
მიმართულებებით.
მასალის გამოყენების პირობები