11 აპრილიდან, ექიმი პაციენტს
კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტს ვეღარ გამოუწერს.
ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება მხოლოდ გენერიკული
(საერთაშორისო დასახელების) მედიკამენტი გამოწეროს. ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს მეთოდი აღმოფხვრის ექიმების მხრიდან ბრენდული,
კონკრეტული მწარმოებლის მედიკამენტების ლობირებას, რაც, თავის
მხრივ, წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას იწვევს.
"11 აპრილიდან რეცეპტის
გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. ექიმი ვალდებული
იქნება, რომ წამალი მხოლოდ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა
რომელიმე წარმოების ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, იმას, რომ
ფარმაცევტი მომხმარებელს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური
სიიდან, სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, რის შემდეგაც მოქალაქე
თავად გადაწყვეტს რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ
ექიმების მხრიდან შესაძლო ბრენდული, კონკრეტული მწარმოებლის
მედიკამენტების ლობირება და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება
დაზღვეული და აღმოიფხვრება ეს რისკი", - თქვა
ღარიბაშვილმა.
გენერიკული მედიკამენტები
საერთაშორისო სახელწოდებით გამოშვებული წამლებია, რომელიც მოქმედების
მექანიზმით არ განსხვავდება ფარმაცევტული ფირმების მიერ დაპატენტებული
სხვადასხვა სახელწოდებით წარმოებული მედიკამენტებისაგან. განსხვავება
მხოლოდ ფასშია: გენერიკული მედიკამენტები უფრო იაფი და ხელმისაწვდომია
ფართო საზოგადოებისათვის.
პრემიერის თქმით, ასევე იცვლება
ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის პრინციპი. კონკრეტულად, ექიმს
ასეთი ჯგუფის მედიკამენტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონულად შეეძლება,
რაც შეზღუდავს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივ
მოხმარებას.
მასალის გამოყენების პირობები