ახალი ამბები
9 აპრილი - მონაპოვარი, რომელიც ბრძოლით ნარჩუნდება
FaceBook
"დილის 4:00 საათზე ლენინის მოედნიდან წამოვიდნენ ჯავშანტრანსპორტიორები, მათ მოჰყვებოდნენ ძერჟინსკის დივიზიისა და შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები ფარებითა და ხელკეტებით შეიარაღებულნი.

დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ოთხ რიგად განლაგებული ჯავშანტრანსპორტიორები ქუჩის მიმართულებით წამოვიდნენ. ამ მომენტისათვის სავალი ნაწილი სავსე იყო მომიტინგეებით",
- ეს ფოტოგრაფ იური როსტის მოგონებაა 1989 წლის 9 აპრილის ღამეზე.

რუსული ჯარი რამდენიმე წუთის შემდეგ შეტევაზე გადავა. გამოიყენებს სასანგრე ნიჩბებს და მხუთავ აირს. ჯარი გაუსწორდება ყველაზე დაუცველებს - ბავშვებს და ქალებს, განსაკუთრებული სისასტიკით და დაუნდობლობით, თუმცა, ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ 9 აპრილის დარბევაში ჩართული საქართველოს შსს მილიციის თანამშრომლები ბუფერის როლს იკისრებენ ჯარისკაცებსა და მომიტინგეებს შორის. როდესაც მილიციელები დაინახავენ, რომ ჯარისკაცები მომიტინგეებს დაუზოგავად უტევენ, წრეს შეკრავენ, დაზარალებულებს ფეხზე წამოაყენებენ და სხვა ქუჩისაკენ გაუხსნიან გზას. ამ გზამ ბევრი იხსნა, თუმცა ყველა ვერა. 9 აპრილის ღამეს და მომდევნო დღეებში დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 427...

9 აპრილამდე იყო მასობრივი საპროტესტო აქციები, ლიდერების - მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიას, ირაკლი ბათიაშვილის, ირაკლი წერეთლის და სხვების ხელმძღვანელობით და ათობით ათასი ქართველის: სტუდენტების, ფაბრიკების, ქარხნების მუშების, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ასობით ადამიანი მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილს. მიტინგები ანტისაბჭოთა ხასიათის იყო. ორატორების გამოსვლებში ძირითადი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული ზომების მიღებას იმისათვის, რომ საქართველოს სსრ გამოსულიყო სსრ კავშირის შემადგენლობიდან. განწყობები და გადაწყვეტილებები აისახებოდა ლოზუნგებში, მაგალითად, პირდაპირ მთავრობის სახლის ფასადზე გაკრული ლოზუნგი კომუნისტური რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდებდა.

7 აპრილს, 21 საათზე, საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა წესრიგის აღსადგენად.

8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელად დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი.

მათი გადაწყვეტილებით და საქართველოს კომპარტიის მოწვევით დაარბიეს და დახოცეს მშვიდობიანი მომიტინგეები.

ქართველი ხალხის საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის სურვილს და საქართველოს სუვერენიტეტის მოთხოვნას ასეთი პასუხი გაეცა, მაგრამ ამ პასუხმა არათუ ჩააქრო, პირიქით, გააძლიერა წინააღმდეგობა. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის "მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო" ხელში.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველო 31 წელია სუვერენული სახელმწიფოა. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი ომი მოხდა და ბევრი სისხლი დაიღვარა ამ მონაპოვრის შესანარჩუნებლად, იმიტომ, რომ თავისუფლება პროცესია და მისთვის ბრძოლა არ სრულდება დამოუკიდებლობის იურიდიული გაფორმებით. ამაზე მიუთითებს მერაბ კოსტავა.

"მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც".

2022 წლის 9 აპრილს, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან 33 წელი გავიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.