უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირის
პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში
მიიწვია.
კონკრეტულად კი უკრაინის გათავისუფლებულ ქალაქებში,
განსაკუთრებით ბუჩასა და ირპინში.
სტეფანჩუკმა ამის შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში
გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, ბოლო დღეებში ამ ქალაქის
სახელებმა თქვენთვის რუკაზე მხოლოდ როგორც
გეოგრაფიულმა წერტილებმა შეწყვიტა არსებობა. მილიონობით
ადამიანის გულში იქცნენ ცხელ წერტილებად
დამიჯერეთ, ეს ვიზიტი გულგრილს არ დაგტოვებთ. ამ ყველაფრის საკუთარი
თვალით ნახვის შემდეგ მიხვდებით რატომ გვტკივა ასე და რატომ
ვაკაკუნებთ თქვენი პარლამენტის კარებს ასე ხმამაღლა. ჩვენ გვჯერა
- ვინც აკაკუნებს, მათ გაეღებათ".
მიწვეულთა შორის არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილიც.
3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში
შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი,
ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები
დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში
410 ცხედარი იპოვეს.
უკრაინაში 44 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი
ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების
ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა
დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა
გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები