უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ, თავის მორიგ ვიდეომიმართვაში, რუსი ოკუპანტების მიერ
უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეზე ისაუბრა და მსოფლიოს კიდევ
ერთხელ მოუწოდა იარაღითა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებით
დახმარებისკენ.
ზელენსკიმ ისაუბრა რუსების მიერ ალყაშემორტყმულ მარიუპოლზე და თქვა,
რომ მის ქუჩებში ახლა იგივე სურათია, რაც მსოფლიომ ბუჩაში იხილა.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ახლა აპირებს იგივე პროპაგანდა აწარმოოს
მარიუპოლთან მიმართებაში, რაც ბუჩას შემთხვევაში გააკეთა და
საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ მარიუპოლის ქუჩებში ადამიანები
უკრაინელმა ჯარისკაცებმა დახოცეს.
"რუსეთის სახელმწიფო და
სამხედროები უდიდეს საფრთხეს უქმნიან პლანეტაზე თავისუფლებას,
უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების კონცეფციას. ბუჩას შემდეგ ეს
აშკარაა. მარიუპოლში, თითქმის ყველა ქუჩაზე იგივე ხდება, რაც მსოფლიომ
ნახა ბუჩასა და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში. არსებობს ინფორმაცია,
რომ რუსი პროპაგანდისტები ბუჩაში მომხდარზე სარკისებრ პასუხს
ამზადებენ, რომ თითქოს მარიუპოლის მსხვერპლები უკრაინელმა დამცველებმა
მოკლეს. თითოეული ჯალათი მოიძებნება. გამოვლინდება ნებისმიერი, ვინც
გაუპატიურება ან ძარცვა ჩაიდინა. პასუხისმგებლობა
გარდაუვალია", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამ ომმა კიდევ ერთხელ
აჩვენა, რამდენად ძლიერი და მამაცია უკრაინელი ერი.
"ამ ომმა გვაჩვენა, რამდენი
შეუძლია ჩვენს ხალხს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით - ყველაზე
მამაცები მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. ჩვენ გვჭირდება
იარაღი გამარჯვებისთვის - ეს იქნება ყველაზე ძლიერი
დახმარება", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის უფლების
შეჩერებას და თქვა, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ყველა იმ
საერთაშორისო პლატფორმას, სადაც თავს კომფორტულად
გრძნობდა.
უკრაინაში 44 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის
მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას
განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის
ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე
მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან
წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და
ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს
"გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები