სუმის ოლქი სრულად თავისუფალია რუსი
ოკუპანტებისგან - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
"რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან,
ამიტომ თუ გესმით აფეთქებები, ეს მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ.
ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო
მასალას", - თქვა ჟივიცკიმ.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე
გამოიჩინონ, რადგან ტერიტორიის დიდი ნაწილი, შესაძლოა,
დანაღმული იყოს.
"არ გადახვიდეთ გზის პირას
და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ
აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი
საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო", - მიმართა
მან რეგიონის მოსახლეობას.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ასევე
სრულად გაათავისუფლეს კიევის, ჟიტომირისა და ჩერნიგოვის
ოლქები.
უკრაინაში 44 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში
განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7
ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას
განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის
ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე
მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან
წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და
ბავშვები.
უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს
"გენოციდს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები