მასამართლებენ იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე
საქართველო - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"ყველამ კარგად იცის რისთვის მასამართლებენ, მასამართლებენ
იმისათვის, რომ არ დავუწექი რუსეთს და არ ჩავაბარე საქართველო. მე ვარ
პუტინის პირადი ტყვე და ეს თქვეს ევროპარლამენტის ძალიან დიდმა
ავტორიტეტებმა. საქართველოში ბოლო დღეებში თუ ვინმე ჩამოდის, ჩამოდის
ჩემ თემაზე - აქ ჩამოდიან მხოლოდ სააკაშვილის საკითხზე იმიტომ კი არა
რომ მე ვარ სუპერმენი, იმიტომ, რომ მე ვარ პუტინის პირადი ტყვე და არ
შეიძლება ამ გლობალურ ომში საქართველოს ტყვედ ჰყავდეს აყვანილი
პუტინის პირადი ტყვე.
ეს არ შეიძლება, ეს არის სირცხვილი. აქ პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი,
მე მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ვინც თავს ქართველად მიიჩნევს - ეს
არის საუკუნოვანი სირცხვილი ის, რაც ხდება საქართველოსა და უკრაინას
შორის და ის, რაც ხდება ჩემთან მიმართებაში. მეგობრებო გამოვფხიზლდეთ,
რამდენიმე კვირა გვაქვს რომ ჩამოვიფერთხოთ ეს სირცხვილი ეროვნული
კონსოლიდაციით, ერთიანობით, სიძლიერით სიმშვიდით და
სიმტკიცით", - განაცხადა მან სიტყვით
გამოსვლისას.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი
მიმდინარეობს. მას გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო
თანხის ჯგუფურად გაფლანგავას ედავება.
იგი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს
პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და
სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10
ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
მასალის გამოყენების პირობები