დღეს, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში
ბრალდებულების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილისა
და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ
ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასმართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
პროცესს ორივე ბრალდებული - მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ
ჯანაშიაც დაესწრება.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ
იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა
ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის
ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება
დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და
სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს
თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი
გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და
პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10
ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე
შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
მასალის გამოყენების პირობები