უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ Fox News - თან ინტერვიუში
რუსეთისა და პუტინის აგრესიულ ბუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ მას
მსოფლიო ერთობლივად არ შეაჩერებს, ის თავის დასახულ მიზანს მიაღწევს
და მისი აგრესიული პოლიტიკა ევროპის სხვა ქვეყნებზეც
გავრცელდება.
"რაც უფრო მეტს აძლევთ მათ,
მით უფრო იზრდება მათი მადა, პუტინი გააგრძელებს თავის აგრესიას
ევროპაში უკრაინის მიღმა და მიიღებს იმას, რაც სურს, თუ მას არ
შეაჩერებენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ინტერვიუში დაასახელა ის
ქვეყნები, რომლებიც თანახმა არიან დაიცვან უკრაინის უსაფრთხოება და
თქვა ისიც, კიდევ რომელ ქვეყანას ისურვებდა გარანტორად.
"ჩვენ გვინდა, რომ
ქვეყნები, რომლებსაც ეს სურთ, ღიად შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს, დიდ
ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, თურქეთს... ამ დროისთვის მე
დავასახელე ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზადყოფნა გახდნენ
ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანგ ლუტონგმა განაცხადა, რომ
ჩინეთს არ მიუღია არანაირი მოთხოვნა უკრაინისგან, რომ პეკინი გახდეს
უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ დავუკავშირდით და
გავცვალეთ რამდენიმე ადრეული დოკუმენტი უსაფრთხოების გარანტიების
შესახებ", - განმარტა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინამ მსგავსი
დოკუმენტის პროექტი სხვა ქვეყნებსაც გაუგზავნა, რათა მიიღოს მათგან
მხარდაჭერა.
ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი არასდროს
განიხილავს მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დათმობის საკითხს
სამშვიდობო ხელშეკრულების სანაცვლოდ.
"ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი
ტერიტორიებით. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ
განიხილება", - თქვა მან.
ინტერვიუს ბოლოს პრეზიდენტმა
დასძინა, რომ უკრაინელი ხალხი ამ ომში არ მიიღებს რაიმე სხვა შედეგს,
გარდა გამარჯვებისა.
29 მარტს, თურქეთის ქალაქ
სტამბოლში, რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრაზე უკრაინამ
უსაფრთხოების დოკუმენტის პროექტი წარმოადგინა, რომლის
მიხედვითაც, უკრაინა ითხოვს შეიქმნას ალიანსი, რომელიც თავდასხმის
შემთხვევაში მას სამხედრო დახმარებას გაუწევს, ცის დახურვის
ჩათვლით.
უკრაინაში 38 დღეა ომი. რუსეთი
მეზობელი, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა.
რუსული არმია, მძიმე დანაკარგების მიუხედავად, აგრძელებს სამხედრო
იერიშებს. უკრაინული მხარე თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.
უკრაინულმა ჯარმა რამდენიმე ქალაქი და ათობით დასახლებული პუნქტი
ოკუპანტებისგან უკვე გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები