უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი მშობლიურ
ქალაქ ტყიბულში სამხედრო პატივით გადაასვენეს.
ტყიბულის მოსახლეობა დაღუპულ მებრძოლს ანთებული
სანთლებით, საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდა. მათი თქმით,
გობეჯიშვილი გმირია და ამაყობენ, რომ გმირი მათი ქალაქიდან იყო.
ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში 26 მარტს დაიღუპა. მას 3 აპრილს
ტყიბულში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს
ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვას
ემსხვერპლა. დავითი სოხუმიდან იყო დევნილი, იგი მონაწილეობდა
აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში.
ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია
ბერიაშვილი. ისინი სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე
დაკრძალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი
ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ
ხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები