საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამართლიანს
უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას
საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ.
ის ამბობს, რომ ახლა არსებულ ადამიანურ ტრაგედიებთან ეს საკითხი
უმნიშვნელოა.
"აქამდეც განვაცხადეთ, რომ თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა
მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ
არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ
არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს
ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია
ვკონცენტრირდეთ ამ მთავარზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს
საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც
ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ
ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ", -
თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
31 მარტს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის
გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს
დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ
მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ
იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის -
მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის
ელჩი იგორ დოლგოვი ქვეყნიდან პირველ მარტს კონსულტაციების მიზნით
გაიწვია. ზელენსკის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება, საქართველოს
ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით
არსებული პოზიციისა და ქართველი მოხალისეების ქვეყნიდან არგაშვების
გამო მიიღო.
უკრაინაში ომის 37-ე დღეა.
24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას.
რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ
მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ
უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების
გამოყენებით.
მასალის გამოყენების პირობები