თბილისის საქალაქო სასამართლოში
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა,
საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომას აღარ ესწრება. მან პროცესი
ემოციური მიმართვის შემდეგ დატოვა.
"ახლა არის გადამწყვეტი
თვეები ჩვენი ქვეყნისთვის. მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ეს მომენტი
დგებოდა და ეს მომენტიც დადგა. ახლა უკან დახევას აღარ ვაპირებ.
ნურაფრის გეშინიათ. უკრაინა იმარჯვებს და ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ.
უკრაინის გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ახალი, ეროვნული თანხმობის
მთავრობით, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს", - განაცხადა
სააკაშვილმა.
მისი თქმით, როცა ხელისუფლება
"ნაციონალურ მოძრაობას" "ომის პარტიას" ეძახის, სინამდვილეში საკუთარ
თავზე საუბრობს.
"როცა ჩვენ გვეძახიან "ომის
პარტიას", მთავრობა, რომელიც გამოდის და იძახის, რომ ერთ საათში
აგვიღებენ, რად გვინდა ჩვენ ჯარი, აი ისინი არიან "ომის პარტია". თუ
ჩვენ ამ მთავრობას არ მოვაშორებთ, არ მოვახერხებთ ხალხის
მობილიზაციას, არ გამოვალთ ყველა ქუჩებში, თუ მშვიდობიანად არ
შევცვლით სიტუაციას საქართველოში, საქართველო დაღუპულია. საქართველოს
ერთადერთი გამოსავალი არის მობილიზაციაში, გამოფხიზლებაში, ხელის
ჩაკიდებაში, დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში", -
განაცხადა სააკაშვილმა.
მიმართვას დარბაზში ხმაური და მისი
მხარდამჭერების აპლოდისმენტები მოჰყვა, რის შემდეგაც, რამდენიმე
მათგანს მანდატურებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მიმართვის შემდეგ სხდომა დატოვა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც.
"მე ახლა დაგტოვებთ, ბევრად
უფრო სერიოზული საქმეები მაქვს" - მიმართა სააკაშვილმა
მოსამართლეებს და დარბაზიდან გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები