პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ქვეყანაში ინფლაციის დონეს, წინა ხელისუფლების დროინდელ
ინფლაციას ადარებს.
მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეს მაჩვენებელი
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს უფრო მაღალი იყო.
"არ მინდა შედარება
გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე
უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და ცდილობენ მოქალაქეები შეცდომაში
შეიყვანონ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში წლიური ინფლაცია,
მაგალითად, 2011 წლის მაისში 14.3% იყო. ანუ, წინა ხელისუფლების დროს
ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
მისი განმარტებით, ქვეყნის ერთ-ერთი
მთავარი პრობლემა - ინფლაცია, გამოწვეულია ჯერ პანდემიით, შემდეგ კი
უკრაინაში ომით.
"ჩვენს ქვეყანაში გამოწვევა
არის ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში.
ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ
გამონაკლისი იყოს, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა
ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-ში, ევროპაში
ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა
მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია - ომი. მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას
გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე. ამიტომ,
ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა
სჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ბოლო ერთი თვეა
სურსათზე ფასი ყოველდღიურად იმატებს, ამას ემატება პირველადი
მოხმარების საკვები პროდუქტების დეფიციტი. რეკორდულად იზრდება
საწვავის ფასიც.
პრემიერმა ისაუბრა ბენზინისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზეც და
შეეცადა მოსახლეობა დაერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოში მათი
ფასები, სინამდვილეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე
დაბალია.
მასალის გამოყენების პირობები