ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, სამედიცინო
დაწესებულებებზე 43 თავდასხმის ფაქტი დადასტურდა.
სულ მცირე 33 თავდასხმისას
გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღება, მათ შორის სარაკეტო სისტემები და
ტანკები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
შეფასებით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა.
მათი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების
დაუყოვნებლივ გაზრდა.
უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის
მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად აღიარება.
22 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14
000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი
ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების
მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის
ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ნატო კი ისევ
უარს ამბობს უკრაინის ცის დაცვაზე, რადგან ალიანსი რუსეთთან სამხედრო
კონფლიქტში ჩართვას ერიდება.
16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის მიმართვის დროს, ახალი
ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან თქვა, რომ საჭიროა ახალი
კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც
ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი
უკრაინაში.
მასალის გამოყენების პირობები