მერია დაუზიანებელი გზის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ხარჯავს (ვიდეო)
18:12 / 19.03.2022
ქუთაისის მერიამ ჯიბლაძის ქუჩის
სავალ ნაწილსა და ტროტუარზე დაუზიანებელი ფილაქანი
აყარა.
იმავეს გეგმავს პარალელურ,
ხახანაშვილის ქუჩაზეც. სამუშაოებისთვის, რომელთა საჭიროება არ
არსებობდა, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ამ
გადაწყვეტილებით, გარდა იმისა, რომ არამიზნობრივად იხარჯება თანხა,
სამუშაოებმა კიდევ უფრო გაართულა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში
გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე,
ავტომობილებისთვის.
"რას ერჩოდნენ ამ ქუჩას ვერ
ვხვდები. მერიას რაც გადათხრილი აქვს, ჯერ ის დაუსრულებია და კიდევ
თხრის ქუჩებს. ასეთი უპასუხისმგებლოები როგორ არიან?", -
ამბობს ადგილობრივი ნათელა ვერულაშვილი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჯიბლაძისა და ხახანაშვილის
ქუჩებზე გზა იმდენად იყო დაზიანებული, რომ შეკეთებას არ
ექვემდებარებოდა, ამიტომ მათი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. მერიის
ნათქვამის საპირისპირო რეალობაა ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც
სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ასე გამოიყურება ახლა ეს ქუჩა, რომელზეც
მერია ამბობს, რომ თავიდანაა გასაკეთებელი.
ხახანაშვილის ქუჩა
მერია დაუზიანებელ
გზის საფარს ყრის მაშინ, როცა წერეთლის ქუჩის
ახლადრეაბილიტირებულ ტროტუარზე ფილები უკვე დაზიანებულია, თუმცა, მათ
შეკეთებაზე ზრუნვის ნაცვლად, უკვე გაკეთებულს თავიდან
აკეთებს.
ახლადრეაბილიტირებული წერეთლის ქუჩა
მერიამ ხახანაშვილისა და ჯიბლაძის ქუჩებზე საგზაო
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 515 103 ლარის ღირებულების ტენდერი
( NAT220001025) თებერვალში გამოაცხადა. სამუშაოების შესრულებაზე
პასუხისმგებლობა შპს ონიქს როუდმა 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო.
ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მას 285 586 ლარს გადაუხდიან, ხოლო
ხახანაშვილის ქუჩისთვის - 219 216 ლარს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ გზის სავალი ნაწილის და
ტროტუარების კეთილმოწყობასთან ერთად, სანიაღვრე სისტემაც უნდა
მოაწესრიგოს. შემსრულებელ დრო მაისის ბოლომდე აქვს, თუმცა, კომპანიის
ხელმძღვანელი უკვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ პროცესი, შესაძლოა,
დათქმულ ვადებში ვერ მოესწროს.
"2 აპრილამდე არის ცუდი ამინდები და ასეთ პირობებში
შეუძლებელია სამუშაოების განხორციელება. ქუთაისის გარდა, კიდევ მაქვს
სხვა ტენდერები. ინვენტარიზაცია უნდა გავაკეთო და ვადის საკითხიც
გადაიხედება", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში შპს
"ონიქს როუდის" დირექტორი კობა ონიანი.
ქალაქში რამდენიმე ქუჩის ერთდროულად გადათხრა და დროში გაჭიანურებული
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქუთაისის მერიის მიერ დამკვიდრებული
პრაქტიკაა. ქალაქში მიმდინარე ვერც ერთი პროექტის დათქმულ ვადებში
დასრულება ვერ ხერხდება. ამის მაგალითია, თუნდაც, კოლხური შადრევანი
და ბალახვანის ას საფეხურიანი კიბე, რომელთა რეკონსტრუქციაც გასულ
წელს დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები