უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 60 პირი დააკავეს,
რომლებიც ოკუპანტების დაზვერვაში მუშაობდნენ.
უწყების სპიკერის არტემ
დეხტიანენკოს ინფორმაციით, სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე
რეგიონში ჩატარდა.
,,სპეცოპერაცია ჩატარდა
ჩერკასის ოლქში, აქ დაკავებულმა გაავრცელა ფოტოები და ვიდეოები
შეიარაღებული სამხედრო ძალების ადგილსამყოფლის შესახებ, კიროვოგრადს
რაიონში დავაკავეთ ადამიანი, ვინც მუშაობდა რუსულ საინფორმაციო
სფეროში უკრაინის ტერიტორიიდან, მან გამოაქვეყნა ანტიუკრაინული
პოზიცია ფორუმებზე და გამოიჩინა უპატივცემულობა ქვეყნის შეიარაღებული
ძალების მიმართ. ტანსკარპატების რაიონში დავაკავეთ ადამიანი, ვინც
წვევამდელების საზღვარგარეთ გადაყვანის არხი მოაწყო'', -
ამბობს დეხტიანენკო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთთან
თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.
ახალი კანონით, ოკუპანტ ქვეყანასთან
თანამშრომლობა 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება. უკრაინის ხელისუფლება
დახურავს ამ კანონდარღვევაში მხილებულ პირებთან დაკავშირებულ
პარტიებსა და ორგანიზაციებს.
უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
20 დღიანი ბრძოლის შედეგად,
უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და
განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო
ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს
საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი
მოქალაქეები ეწირებიან.
უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას
წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის
გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს
საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები