პარლამენტი საქართველოს
ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის
განხილვას იწყებს.
13-პუნქტისგან შემდგარ პროექტში
გამოხატულია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის
ინსტიტუტებისადმი პარლამენტის მოწოდება, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია,
რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია
საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური
ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი
პრიორიტეტია.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს
აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს
ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს
სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს
ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და
გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად
შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.
საქართველომ ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ განაცხადი 3 მარტს შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები