"პრეზიდენტის ინსტიტუტს მხოლოდ
პატივისცემა არ ჰყოფნის, მასთან თანამშრომლობა აუცილებელია", -
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე სიტყვით
გამოსვლის დროს.
პრეზიდენტმა ბევრ სხვა მწვავე
საკითხთან ერთად, იმ შეზღუდვებზეც ისაუბრა, რომლებიც მის ინიციატივებს
მთავრობიდან შეექმნა. პრეზიდენტის თქმით, მას წინააღმდეგობა შეხვდა იმ
სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ჰქონდა
დაგეგმილი.
"გაუგებარია, როცა
საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო
საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს
წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში
სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით,
გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე
პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად
შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, ასეთი შეზღუდვები ჩვენი
ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია.
შეზღუდვების დრო კი არა, ვისაც რაც შეგვიძლია საერთაშორისო დონეზე,
მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართული. მოსვენებას არ უნდა ვაძლევდეთ
საერთაშორისო პარტნიორებს", - განაცხადა
პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში
წლიური მოხსენებით წარსდგა. იგი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის
ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა.
საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტი საქართველოდან უკრაინის ელჩის
გაწვევის საკითხს შეეხო და თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინელ და
ქართველ ხალხს შორის უთანხმოებას, რის შემდეგაც, მან უკრაინის
პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა დააბრუნოს ელჩი
საქართველოში.
მან, ასევე ისაუბრა შიდა
დაპირისპირებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და თქვა, რომ
საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, სადაც ახალ
გამოწვევებთან ერთად, ახალი შესაძლებლობებიც არის, ქართველი ხალხი
უფრო ფხიზელი და ერთიანია, ვიდრე მმართველი გუნდი და
ოპოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები