უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა
დმიტრი კულებამ, რუს კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა,
რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის
და რომ ცეცხლის 24 საათიანი შეწყვეტასთან დაკავშირებით პროგრესს ვერ
მიაღწიეს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ საკითხს ლავროვი ვერ
წყვეტს.
"მე აქ მოვედი ჰუმანიტარული
მიზნით, სამწუხაროდ, მინისტრი ლავროვი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ
გაეზიარებინა ჩემი წუხილი. ჩვენ, ასევე წამოვჭერით 24 საათიანი
ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, მაგრამ დიდ პროგრესს ვერ მივაღწიეთ,
რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში გადაწყვეტილებებს რუსეთში სხვა
პირები იღებენ", - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული
გადაწყვეტილებების მიღების პერსპექტივა, ის კვლავ შეხვდება
ლავროვს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ
განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმაც. მან უკრაინაში მიმდინარე ომს
კრიზისი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინასთან
მოლაპარაკებების წარმართვა ე.წ. ბელორუსულ პლატფორმაზე
სურს.
უკრაინისა და რუსეთის საგარეო
უწყების პირველი პირები ერთმანეთს ანტალიაში, თურქეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით
შეხვდნენ.
უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია.
იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა.
9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და
სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან
ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად
დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.
უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკამ და
დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები
დაუწესეს, თუმცა, ამ დრომდე დაუცველია უკრაინის ცა. პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს მსოფლიოს, დაიცვან
უკრაინის ცა რუსეთის ავიაიერიშებისგან ან გადასცენ უკრაინას
თვითმფრინავები, რათა მათ თავად უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობის
უსაფრთხოება.
კიდევ რა განცხადებები გაკეთდა
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნახეთ აქ
მასალის გამოყენების პირობები