,,ცხოველობაზე უარესია'' - ასე
შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტი ქვეყნის
ჯარისკაცების ქმედებები მარიუპოლის სამშობიაროში.
"ის, რასაც ოკუპანტები
მარიუპოლში აკეთებენ, სცილდება ცხოველობის საზღვრებს. საბავშვო
საავადმყოფო, სამშობიარო კლინიკა. რით ემუქრებოდნენ რუსეთის
ფედერაციას? რა ქვეყანაა ასეთი ეს რუსეთის ფედერაცია,
საავადმყოფოებისა და სამშობიაროების რომ ეშინია და ანადგურებს მათ? იქ
პატარა ბანდეროლები იყვნენ? თუ ფეხმძიმე ქალები როსტოვისთვის ცეცხლის
გახსნას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვანებს ამცირებდა? ეს
საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?" - განაცხადა
ზელენსკიმ.
9 მარტს, რუსულმა ავიაციამ
მარიუპოლის საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა. შემთხვევის შედეგად 3
ადამიანი გარდაიცვალა, 17 კი დაშავდა.
უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო
თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და
დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ომის დაწყების დღიდან, უკრაინის
პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას
ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა
რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა
უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს
ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და
ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა
საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT
- ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული
რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში
თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ
ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და
ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.
რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის
სახელმწიფოებმაც.
პარალელურ რეჟიმში, უკრაინას
სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები,
თუმცა, ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის საჰაერო
სივრცის დაცვას რუსული იერიშებისგან.
მასალის გამოყენების პირობები