ახალი ამბები
ატომური ელექტროსადგური, როგორც შანტაჟის ობიექტი - საფრთხეები და რეკომენდაციები
FaceBook
,,რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, მეზობლებს, მტერსა და მეგობარს, რადიაცია ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად, შეუმჩნევლად ვრცელდება, მას არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო'', - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს ამ სიტყვებით მას შემდეგ მიმართა, რაც ოკუპანტებმა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურები დაიკავეს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდია, ის ექვს ენერგობლოკს მოიცავს. 4 მარტს, მასზე ოკუპანტების მიერ გახსნილმა ცეცხლმა, კაცობრიობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენა. ცეცხლის ჩაქრობა უკრაინელმა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს, თუმცა, ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა, მკაფიო სიგნალი იყო უკრაინაში ომის "შემოქმედის", ვლადიმერ პუტინის მიერ, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვის რეალური საფრთხის შესახებ. უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორის, "უკრენერჰომ" -ის ინფორმაციით, სადგურზე სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც სადგურს დენი არ მიეწოდება. უწყების ცნობით, თუ მისი ელექტრომომარაგება 48 საათის განმავლობაში არ მოხდა, რადიაციის გაჟონვა გარდაუვალი იქნება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ

უკრაინაში 15 ატომური ელექტროსადგურია, რომელთა ბოროტად გამოყენება სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აყენებს კაცობრიობას. ზაპოროჟიეს შემთხვევამ უკვე გვაჩვენა, რომ მათი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ მოქცევა, სახიფათოა.

ატომური ელექტროსადგურის აფეთქების მაგალითი მსოფლიოს უახლოეს წარსულში, ჩერნობილის სახით აქვს. 1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ექსპერიმენტის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად, რადიაციული დასხივების ქვეშ 8 მილიონი ადამიანი მოჰყვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზაპოროჟიეს შემთხვევაში ზიანის მასშტაბები 10-ჯერ უფრო დიდი იქნებოდა.

,,არსებული რეალობის გათვალისწინებით, საფრთხე ნამდვილად არსებობს. გაჟონვის შემთხვევაში, გააჩნია რა რაოდენობით მოხდება ეს და რადიაციის რა დონე დაფიქსირდება, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტეოროლოგიურ მდგომარეობას, როგორ და სად წაიღებს რადიაციას ქარი. დაბინძურების გასაზომად საჭიროა ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ლაბორატორიები. მცირე გაჟონვაც რომ მოხდეს, სასწრაფოდ უნდა შემოწმდეს ნიადაგი, წყალი, ჰაერი, რა ნაწილაკები მოხვდა. ახლა, რაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ რადიაციის დონე ქვეყანაში ყოველწამიერად იზომება და ამ დროისათვის, საფრთხე არ არსებობს''
, - ამბობს ორგანიზაციის "სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში" დამფუძნებელი შორენა ლორთქიფანიძე.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა  გაავრცელა ვიდეო, სადაც აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ის რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში იმყოფება.

რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში, ხურავთ ფანჯრებს და თიშავთ კონდიცირების სისტემას, რათა შეიზღუდოს სალონში ჰაერის მიწოდება გარედან.

არ დარჩეთ ავტომობილში, რადგან იქ ადვილად აღწევს რადიაციული დაბინძურება. ეცადეთ დროულად მიხვიდეთ სახლამდე ან უახლოეს შენობამდე.

სახლებში ან სხვა შენობაში ხართ, იქვე დარჩით.

საუკეთესოდ დაცული ადგილი არის სარდაფი ან შესაბამისი თავშესაფარი.

მჭიდროდ ჩაკეტეთ, დალუქეთ ფანჯრები და კარი. ააკარით ე.წ. სკოჩი. ანალოგიურად დალუქეთ სავენტილაციო სისტემა.

მოშორდით კედლებს, ფანჯრებსა და კარს და ეცადეთ, რომ დარჩეთ შენობის შუა ნაწილში.

საკვები შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში ან მაცივარში.

წყალი, წვენები ან სხვა სასმელები დალუქული კონტეინერებიდან დალიეთ.

თუ ფიქრობთ, რომ კონტეინერი ან პაკეტი შეიძლება დაბინძურებული იყოს რადიოაქტიური მტვრით, მის გასახსნელად გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი. შემდეგ ეს ქსოვილი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში.

სახლში არსებული სხვა წყალი, მაგალითად, წყალი, რომელიც შეიძლება იყოს ცხელი წყლის გამაცხელებელ ავზში ან სხვა დახურულ სივრცეში, არ იქნება დაბინძურებული რადიოაქტიური მტვრით.

რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაიტარეთ დეკონტამინაცია (ნიადაგის, ტანსაცმლის ან სხვა ობიექტების გაუსნებოვნება)

მიიღეთ შხაპი წყლის დიდი რაოდენობით.

თუკი სხეულზე ჭრილობები გაქვთ, ისინი შხაპის მიღებამდე ჰერმეტულად დაიფარეთ. არ გამოიყენოთ ქისა ან ღრუბელი.

თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, მაშინ დიდი რაოდენობით წყლით დაიბანეთ ხელები, სახე და ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ნაწილები. თუკი წყალი არ გაქვთ, მაშინ გაიწმინდეთ სხეული ხელსახოცით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს, თვალებსა და ნესტოებს.

დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და გაიტანეთ შენობის გარეთ, ადამიანებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით.

მუდმივად ადევნეთ თვალი საინფორმაციო საშუალებებს, რადგან მიიღოთ განახლებული ინფორმაცია შემდგომი რეკომენდაციების შესახებ.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქების შემდეგ

ჩერნობილი დღეს

მსოფლიოს 40 ქვეყანაში სულ 450-მდე ატომური ელექტროსადგურია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.