ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ
(FIFA) რუსეთში მოთამაშე სხვა ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელებსა და
მწვრთნელებს კონტრაქტის გაწყვეტის, რუსეთის დატოვებისა და სხვა კლუბში
გადასვლის ნებართვა მისცა.
სურვილის შემთხვევაში, მოთამაშეები
მიმდინარე წლის 30 ივნისამდე ჩაითვლებიან როგორც თავისუფალი აგენტები
და არ მოუწევთ არანაირი ფინანსური ჯარიმის გადახდა. თუ ამ დრომდე
ფეხბურთელმა ვერ შეძლო სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება, მას 2022
წლის ივლისიდან ისევ რუსულ კლუბში მოუწევს დაბრუნება.
ორგანიზაციის განცხადებით, იგივე
უფლებების გამოყენება შეუძლიათ უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებსაც.
სპორტსმენებს ახალ კლუბში რეგისტრაცია იმ პერიოდშიც შეეძლებათ,
როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იქნება.
რუსეთში მოთამაშე უცხოელი
ფეხბურთელების კონტრაქტები უკვე ანულირებულია.
ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების
გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთეს. მათი
თქმით, მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრაა.
უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო
საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული
უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და
ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას
უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ცივილიზებული სამყაროსგან
დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც
ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის
აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან
უკრაინის ქალაქები.
გუშინ
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე
რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები