ცოტა ხნის წინ, უკრაინის
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ხუთ ქალაქში, მათ შორის
თბილისში შეკრებილ ადამიანებს მიმართა.
მან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
და თქვა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, დამარცხდება ევროპა, ამიტომ,
მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის გადასარჩენად.
"მინდა გითხრათ ევროპელ
ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას,
მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს, რადგან თუ უკრაინა მტკიცედ
არ იდგება, ვერც ევროპა იდგება, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა.
გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და
მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ
მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება
ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა
ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ გავხდებით ისეთივე
გაბრწყინებულ, როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც
არასდროს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი გამოსვლის შემდეგ, თბილისში
შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. სალომე
ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ღირსებას
წარმოადგენენ.
"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც
საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის
გვერდით. ეს არის ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც
იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის,
დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. თქვენ ხართ ის ხალხი,
რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას და ამისთვის დიდი
მადლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეცხრე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იგი ბომბავს დიდ და პატარა
ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას.
რუსულმა ოკუპანტმა არმიამ ატომური ელექტროსადგურიც დაბომბა
ზაპოროჟიეში.
მასალის გამოყენების პირობები