ქუთაისის მერია უკრაინაში ომიდან მეხუთე დღეს ფიქრობს, რა
დახმარება გაუწიოს უკრაინაში დამეგობრებულ ქალაქებს.
ეს მაშინ, როცა იმავე ქალაქების ხელმძღვანელები 2008 წლის
აგვისტოს ომის პირველივე დღეებში მზად იყვნენ, საჭიროების
შემთხვევაში, ქუთაისიდან ევაკუირებული მოქალაქეები
მიეღოთ.
ხარკოვი, ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი,
მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე - ქუთაისის
დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.
ყველაზე მეტი მეგობარი
ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ყავს.
8 მეგობარი ქალაქიდან უმეტესობაში დღეს ომი მიმდინარეობს რუსი
ოკუპანტების მხრიდან.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში
დამეგობრებული ქალაქების დახმარება იგეგმება, თუმცა, რა ფორმით - ჯერ
გარკვეული არაა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ქუთაისის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, 2008 წელს ჟიტომირის,
ხარკოვის და სუმის მერებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ქუთაისის
მერიასთან და დახმარებას სთავაზობდნენ.
„საუბარი იყო მოსახლეობის ევაკუაციაზე ამ ქალაქებში, ისინი მზად
იყვნენ მიეღოთ ქართული ოჯახები საჭიროების
შემთხვევაში", - ამბობს გიგა შუშანია, რომელიც 2008 წელს
ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
მერიაში ირწმუნებიან, რომ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ყოველდღე
სატელეფონი ხაზზეა დაძმობილებული ქალაქების მერებთან.
თუმცა, ქუთაისის მერმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა
ოთხი დღის დაგვიანებით გამოხატა.
უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები