საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
დღევანდელი მთავრობის ხდომაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან
დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა.
ქვეყნის მეთაურმა, უარი, საქართველო შეერთებოდა რუსეთის მიმართ
დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, იმ ეკონომიკური დანაკარგით ახსნა,
რომელიც მისი თქმით, ქართველ ხალხს მიადგება. პრემიერის თქმით,
სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, დაზარალდებიან მეღვინეები,
რომლებიც ღვინოს რუსეთში ყიდიან, რუსეთში მცხოვრები საქართველოს
მოქალაქეები ვეღარ განახორციელებენ ფინანსურ ტრანზაქციებს თავიანთი
ოჯახის წევრებთან საქართველოში და ჩვენი ქვეყანა დაკარგავს ტურისტულ
შემოსავლებს რუსეთიდან.
"საქართველომ ტურიზმიდან ბოლო 5 წელიწადში 3
მილიარდი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი
ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ნუ დაგვავიწყდება ნურავის, რომ ერთი
მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად გადმორიცხვების
საშუალო რაოდენობა ჯამურად შეადგენს 500 მილიონს, ანუ ბოლო წლებში 3
მილიარდი გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჯამურად ეს რომ
დავთვალოთ, გამოდის 12 მილიარდზე მეტი ბოლო 8 წელიწადში.
ანუ, მე კითხვას ვსვამ მეგობრებო, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს
დავუწესო სანქციები? ეს მოაკლდება ჩვენ ხალხს, ჩვენ ეკონომიკას,
დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ
თანხის გადმორიცხავს. ამიტომ, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არ
არის, პირიქით, საზიანოა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის", -
განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სხდომაზე ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა,
თუმცა, გამოსვლის ძირითადი ნაწილი მიხეილ
სააკაშვილის კრიტიკას დაუთმო, რომელმაც, მისი
თქმით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, 2008 წელს გამოაცდევინა ქართველ
ხალხს.
უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს რუსეთის
თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
რუსეთს, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო, მკაცრ სანქციებს
უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი
ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები