"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატებმა, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის დროშა
გადმოფინეს.
უკრაინის მხარდასაჭერი აქტი დეპუტატებმა ფრაქციის ოთახის ფანჯრიდან
შეასრულეს. მათი თქმით, ქონდათ სურვილი, რომ დროშა მერიის აივნიდან
გადმოეფინათ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან დაპირისპირებას
თავი აარიდეს.
"ეს არის შეშინებული ხელისუფლება, ხედავთ აქ
მობილიზებულ სამართალდამცველებს, ამიტომ, ეს რომ არ ყოფილიყო
დაპირისპირების მიზეზი, ფრაქციის ფანჯრიდან გადმოვფინეთ დროშა. ოთხი
დღეა ქუთაისელები ქალაქის მერისგან ითხოვენ მხარდაჭერის გამოხატვას
უკრაინის მისამართით და ის, რაც ვერ გაბედა მერმა, გავაკეთეთ
ჩვენ", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა
შუშანიამ.
დეპუტატები კვლავ მოუწოდებენ ქუთაისის მერიას უკრაინის დროშის
აივნიდან გადმოფენის შესაძლებლობა მიეცეთ.
ქუთაისის მერია უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ოთხი დღის
შემდეგ გამოეხმაურა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა უკრაინას
სოლიდარობა გუშინ, 27 თებერვალს
გამოუცხადა.
უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის
თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები