იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ქუთაისის გარდა, უმეთვალყურეოდ
დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი არსად ფუნქციონირებს.
მუნიციპალიტეტებს ცხოველების მოვლის ერთადერთი მექანიზმი გააჩნიათ -
ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფენ და ტენდერს აცხადებენ უმეთვალყურეოდ
დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების
შესყიდვაზე.
სახელმწიფო შესყიდვის გზით გამარჯვებული ორგანიზაცია ზრუნავს
ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციასა და შემდეგ მათ ბუნებრივ გარემოში
დაბრუნებაზე.
მაგალითად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ცხოველთა მოვლისთვის 49
989 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, ინდ.მეწარმე
"გელა ნაცვლიშვილმა" გაიმარჯვა, ორგანიზაცია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში
ფუნქციონირებს.
"ორგანიზაციას იმერეთიდან გაყავს უმეთვალყურეოდ დარჩენილი
ძაღლები ოზურგეთში. იქ ხდება მათი კასტრაცია, სტერილიზაცია, დაბირკვა
და ისევ უკან დაბრუნება. ასეთი მიდგომა საერთაშორისო ნორმებითაა
გათვალისწინებული. დაბირკული ძაღლი ქუჩაში უნდა დაბრუნდეს. ცხოველთა
თავშესაფარი არა გვაქვს, ამიტომ ამ ფორმით ვუვლით
პრობლემას", - ამბობს წყალტუბოს ჯანმრთელობისა დ ა სოციალური
დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ნათია ჩაკვეტაძე.
იმერეთის თერთმეტივე მუნციპალიტეტის უმეთვალყურეო ცხოველები უმეტესად
ოზურგეთის თავშესაფარში ხვდება. თავშესაფარზე მონიტორინგს ცხოველთა
დაცვის ფედერაცია ახორციელებს.
"ცხოველებს უშუალოდ ჩვენ არ ვიჭერთ. თუმცა, ჩვენი
წარმომადგენელი ახლავს და თვალს ადევნებს ამ პროცესს. ოზურგეთის
თავშესაფარში გადმოდიან ეს ცხოველები, უტარდებათ ყველა საჭირო
პროცედურა და მერე ისევ უკან აბრუნებენ. Ჩვენ, ვაწარმეობთ მონიტორინგს
და რეკომენდაციას ვაძლევთ", - ამბობს ცხოველთა დაცვის
ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ნაჭყებია.
ერთი ძაღლის კასტრაცია - ვაქცინაცია 150 ლარამდე ჯდება.
მუნიციპალიტეტებიდან 20-მდე ძაღლი თვეში ორჯერ ან სამჯერ გაყავთ
მიმღებ თავშესაფარში, სადაც უნდა მოხდეს მათი იზოლირება დამუშავება
ჭიებზე, ბაქტერიებზე, სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და
კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია სპეციალური ძაღლისათვის
განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით (ბირკით).
ამ ტიპის მოვლა/პატრონობაში, რა პრაქტიკაც საქართველოს
მუნიციპალიტეტებში არსებობს, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის
მოგვარების შესაძლებლობას ვერ ხედავს "საქართველოს ცხოველთა
დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას" ხელმძღვანელი თეიმურაზ
წიქორიძე.
"საქართველოში კანონმდებლობა არ არსებობს ცხოველთა დაცვის
მიმართულებით, არ არსებობს ამ პროგრამებისადმი სწორი პროფესიონალური
მიდგომა. შესაბამისად, არ გვარდება ქუჩის ძაღლების
პრობლემაც“, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე.
მუნიციპალიტეტებში არსებული
ეს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა,
გულისხმობს სტერილიზაცია - კასტრაციას, რამაც ქუჩის ძაღლების
რაოდენობა უნდა შეამციროს. თუმცა თეიმურაზ წიქორიძეს ესეც უშედეგო
მცდელობად მიაჩნია.
"თვითონ ცხოველთა შემცირების საკითხში ბუნებრივია ერთიანი
მიდგომა უნდა იყოს... იმერეთში ცხოველები ვერ შემცირდება, თუკი
საქართველოს მასშტაბით არ შემცირდა. ამას სჭირდება სწორი პროგრამა,
დახვეწილი კანონმდებლობა და მართვის მექანიზმი... სანამ არ
გვეცოდინება რამდენი მიუსაფარი ცხოველია რეგიონების მასშტაბით და
რამდენი სტერილიზაცია უნდა გაკეთდეს ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში რომ
რაოდენობა არ გაიზარდოს, საკითხი არ მოგვარდება. ძაღლების 80%-ის
სტერილიზაცია თუ არ მოხდა მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა არ
შემცირდება. ამიტომ მუნიციპალიტეტების ძალისხმევით წელიწადში ვთქვათ
200 ძაღლის კასტრაცია მიუსაფარი ცხოველების პრობლემას არ
გადაჭრის“, - მიაჩნია თეიმურაზ წიქორიძეს.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით მილიონ
ნახევარზე მეტი ქუჩის ძაღლია და მათი 70% არის ოჯახებიდან
გამოყრილი ცხოველები.
მასალის გამოყენების პირობები