მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის''
აქტივისტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან
დავითაშვილთან საჯარო შეხვედრას და დებატებს ითხოვენ.
მოძრაობის წევრების თქმით, მათ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ
თუ რა ბედი ელის "ნამახვანჰესის" პროექტს.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ
ბუნდოვანია კომპანია ,,ენკამ'' გაწყვიტა თუ არა ხელშეკრულება.
"ჩვენი მიზანია პირდაპირ მივმართოთ ეკონომიკის
ახალ მინისტრს, თან ვურჩიოთ, რომ ნუღარ გაიმეორებს მისი წინამორბედის
შეცდომებს, ყველას ახსოვს ქალბატონი თურნავას მოლაპარაკებიდან
გაპარვის საკითხი. საერთოდაც როცა ის მინისტრი
იყო ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჯაროობას, რომ გვედებატა სამინისტროსთან.
ახალი მინისტრი მოემზადოს და გამოვიდეს, უპასუხოს ყველა იმ კითხვას
რაც არსებობს ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა
საჯარო დებატები, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავალთ კომპანიის
ოფისთან და მოგვიწევს დავბლოკოთ შესასვლელი'', - ამბობს
ვარლამ გოლეთიანი.
გოლეთიანის თქმით, ისინი ხელისუფლებას ვადას არ აძლევენ თუმცა
კატეგორიულად მოითხოვენ საჯარო შეხვედრას.
კომპანიამ
ქუთაისის ოფისი დახურა, თუმცა დღემდე რჩება "ენკას" მძიმე ტექნიკა
ხეობაში.
კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა.
თუმცა, ENKA-მ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე
ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო,
სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა
განცხადება.
სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით,
"ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და
ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა. იმ დროიდან მოყოლებული ჰესის
მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე
რჩება მძიმე ტექნიკა.
რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ხეობის მცველები ღამეებს ისევ
კარვებში ათენებენ და პროტესტის შეწყვეტას საკითხის გარკვევამდე არ
აპირებენ, რაც ხეობიდან "ენკას" საბოლოოდ გასვლას და პროექტის შესახებ
ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები