ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა,
ცუდად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩაუტარებელი
ინვენტარიზაცია, მიუღებელი შემოსავლები - ასე აფასებს აუდიტის
სამსახური სამტრედიის მერიის 2019-2020 წლების
საქმიანობას.
აუდიტმა სამტრედიის მერიაში პრობლემა თითქმის ყველა მიმართულებით
აღმოაჩინა - ბიუჯეტის შესრულების, სახელმწიფო შესყიდვების
მართვის, ქონების განკარგვასა და სხვა პუნქტებში.
დოკუმენტის თანახმად, არასწორი
დაგეგმვისა და შესრულების გამო, ბიუჯეტი 81%-ით შესრულდა 2019 წელს,
ხოლო 2020 წელს 83%-ით.
მერიამ არაეფექტურად და უხარისხოდ
შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 1 244 600 ლარი დახარჯა.
პრობლემები გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პროექტების დროში შესრულების
თვალსაზრისითაც. დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი დაუსაბუთებლად
ზრდიდა სამუშაოების დასრულების ვადებს.
სამტრედიის მერიამ ხარვეზებით
აწარმოა სახელმწიფო შესყიდვებიც, კერძოდ, ტენდერში პრეტენდენტის
დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაციის გამო, ბიუჯეტმა 179 300 ლარის
ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
აუდიტის სამსახურმა დარღვევები
აღმოაჩინა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპების მართვაშიც.
კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აიპი
ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევა და მათი ფუნქციები დუბლირებულია.
სამტრედიის მერიამ ვერც სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიმუშავა
ეფექტურად, რის გამოც, მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან
ჩაყენებული. მუნიციპალიტეტს მის დაქვემდებარებაში არსებულ
სტრუქტურებში არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებია, რის შედეგად, არსებობს
რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონება დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევები შეუმჩნეველი დარჩეს.
მასალის გამოყენების პირობები