ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე
ყვავილების გამყიდველებს მერია მუშაობის საშუალებას ისევ არ
აძლევს.
მეორე დღეა ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში
მორიგეობენ პოლიციელები და მერიის
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები. დღეს გარემოვაჭრეებს
ადგილზე მაგიდებიც აღარ დახვდათ, შესაბამისად, ვერც პროდუქცია
გაყიდეს.
ყვავილების გამყიდველები პრობლემის გადასაჭრელად ქალაქის მერთან
შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიასთან შიმშილობას
დაიწყებენ.
გარემოვაჭრეები აპირებენ, რომ იოსებ
ხახალეიშვილს პირადად მოსთხოვონ მუშაობის უფლება, თუმცა, მერი მათთვის
სპეციალურად დროის გამოყოფას არ აპირებს და არც პრობლემის გადაჭრის
გეგმა აქვს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ეკა გრიგოლაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს მერთან შეხვედრა მხოლოდ
მოქალაქეთა მიღების ფორმატში, წინასწარი ჩაწერის შემდეგ
შეუძლიათ.
"მერი იმყოფება იზოლაციაში და ახლა ეს ვერ მოხერხდება. მათ
შეუძლიათ, ჩაეწერონ მოქალაქეთა მიღების დღეს და შეხვდნენ. რაც შეეხება
ალტერნატიულ შეთავაზებას, ვნახოთ ისინი რას გვეტყვიან",-
ამბობს ეკა გრიგოლაშვილი.
ფაქტია, რომ ქუთაისის მერიას
პრობლემის გადაჭრის გზად კვლავ გარემოვაჭრეების ბაზარში გადაყვანა
მიაჩნია, თუმცა, გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ
ყოველდღიურად 10 ლარის გადახდა მოუწევთ, რისი საშუალებაც არ
აქვთ.
მერთან შეხვედრამდე, ყვავილების გამყიდველები სავაჭრო ადგილზე მისვლას
და მუშაობის გაგრძელებას ყოველდღე შეეცდებიან.
მასალის გამოყენების პირობები